“ამას ჰქვია ,,გაიჩალიჩეს” – ხუხაშვილი საპატრიარქოს სკანდალის პოლიტიკურ გეგმაზე საუბრობს

შოთაძის უწყება ახალ სკანდალში გაეხვა 4 დღიანი პოლიტიკური ბრალდებებისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია სუხიაშვილი „ნიუპოსტს“ უცხადებს, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა. “შოთაძეს პატრიარქი არ უხსენებია…” – ამბობს პროკურატურის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას.

რატომ შეიცვალა კურსი სახელისუფლებო და სამართალდამცავთა წარმომადგენლებს შორის, რატომ არავინ საუბრობს დღეს, რომ დაკავებული დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა გეგმავდა და რატომ გადაიტანეს ისრები სკანდალურ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შესაძლო მკვლელობაზე, შეუყვანეს თუ არა პრემიერი შეცდომაში? – კითხვები დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

მეტიც, საქართველოს პრემიერი აღნიშნავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეს “უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა.”

“მე ყველა დეტალს ვფლობ, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება რა თქმა უნდა დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც გერმანიაში პატრიარქი მოინახულა. კვირიკაშვილი კვირის დასაწყისში, კი ამბობდა “ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილია ქვეყნისა და ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი ვერაგული თავდასხმა”,

„ნიუპოსტმა“ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს სთხოვა, რომელიც თვლის რომ „ხელისუფლებამ გაიჩალიჩა“.

გია ხუხაშვილს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების ნაკლებად სჯერა, თუმცა აცხადებს, რომ შოთაძის უწყებამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა.

პოლიტოლოგი კვირიკაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „ყველაფრის ალოკვა არ შეიძლება“.

„რაც პროკურატურის ხელით მოხდა ეს აღმაშფოთებელია და ამაში ორი აზრი არ არის. ოფიციალურ განცხადებაში იყო პირდაპირი მინიშნება, რომ თითქოს პატრიარქზე იყო საუბარი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ელიტამ აიტაცა და რამდენიმე დღის განმავლობაში იყო საუბარი საუკუნის დანაშაულის აღკვეთაზე. დღეს კი პროკურატურამ ამ ინფორმაციის დენონსაცია მოახდინა. ვსვამ მარტივ კითხვას: თუ პირველი განცხადება საკმარისად გასაგები არ იყო, პირველივე საათებში რატომ არ მოახდინა პროკურატურამ რეაგირება და რატომ გაგრძელდა ეს აპოკალიპტური შინაარსის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში. ძალიან კურიოზულ მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყნის პრემიერი.

დღეს გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ უფრო არაადეკვატური განცხადება გააკეთა, როდესაც სახის შენარჩუნებას შეეცადა, მაგრამ ერთ აბსურდს მეორე მიამატა. ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, პრემიერს, თუ ის შეცდომაშია შეყვანილი, პროკურატურისთვის საყვედურის თქმა თავისუფლად შეეძლო და დაემტკიცებინა, რომ ის ამ ქვეყანაში რაღაცის ლიდერია და რაღაცას წარმოადგენს. ასე პირდაპირ ყველაფრის ალოკვა ხომ არ შეიძლება?კვირიკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არანაირი ლიდერი არ არის“– აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში სრული ქაოსი და არაპროფესიონალიზმია.

„თქვენ პოლიტიკურ სარჩულზე მეკითხებით, თუმცა პოლიტიკური გეგმაა, როცა ის არის გააზრებული და რაღაც მიზანს ისახავს. ამას ჰქვია “გაიალიჩეს” და ბუმერანგივით დაუბრუნდათ ყველაფერი უკან“– თქვა ექსპერტმა.

გია ხუხაშვილს უჭირს დაიჯეროს, რომ კვირიკაშვილისა და პროკურატურა პოლიტიკური ინტერესებისთვის შეთანხმებულ განცხადებებს აკეთებდნენ, რადგან ექსპერტის შეფასებით, “პრემიერი პოლიტიკური მოთამაშე არ არის”.

„კვირიკაშვილზე წარმოდგენა მაქვს, რომ ის კარგი ადამიანია, თუმცა ის არ არის პოლიტიკური მოთამაშე, ის შეიძლება პოლიტიკურ თამაშში იარაღად იქნას გამოყენებული, თუმცა ის, რომ თვითონ ითამაშოს პოლიტიკურად ეს არასერიოზულია. თუ ვივარაუდებთ, რომ ვიღაცამ პოლიტიკური თამაში დაგეგმა და სტატისტად კვირიკაშვილი გამოიყენა, ესეც არადამაჯერებელია, რადგან სად ჩანს აქ პოლიტიკური თამაში? ერთჯერადი მოხმარების სვლა იყო, რომელიც ბუმერანგივით უკან მოუბრუნდათ და თავში მოხვდათ. მე შემიძლია დავუშვა, რომ ვიღაცა რაღაცას შეიძლება ჩალიჩობდეს, მაგრამ ეს იმდენად სულელურად კეთდება, რომ პრობლემას ისევ იმას უქმნის, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს.

საერთოდ იცით რა არის: პოლიტიკოსი ან უნდა იყოს ზნეობრივი ან უზნეო, ან ერთი უნდა იყო ან მეორე, თან კარგი ტიპი ითამაშო და მიდრეკილი იყო ცუდი რაღაცეებისკენ ეს ხომ დიდი უბედურებაა“– აღნიშნა ხუხაშვილმა.

„ნიუპოსტმა“ ექსპერტს საპატრიარქოში ცოცხალი პატრიარქის ტახტისთვის გამართულ ბრძოლაზეც და სახელისუფლებო ინტერესზე ჰკითხა.

„მე შეთქმულებების თეორიაში ვერ შევალ, თუმცა რომც წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი გეგმა ვიღაცას ჰქონდა, ფაქტია რომ არ გამოსდის, ჩვენ ვნახეთ, რომ საპატრიარქოში ინსტიტუციური დასუსტება მოხდა და თუ მათ კანდიდატი ჰყავდათ, ის დღეს ყველაზე მოწყვლადი გახდა, მისი შანსები კი არ გაიზარდა, პირიქით ძალიან შემცირდა. თუ ამ სცენარით წავალთ, იმდენად იდიოტურად გააკეთეს, რომ უკურეაქცია მიიღეს“- განმარტა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება 31 წლის დაკავებულ დეკანოზსს, ის კვლავაც დუმილის უფლებას ინარჩუნებს. გიორგი მამალაძემ თავისი პოზიცია სახალხო დამცველთან შეხვედრისას უჩა ნანუაშვილს გააცნო.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას კატეგორიულად მოითხოვს.

დავით ჯაბაშვილი – “ნიუპოსტი”

16.02.2017 წ.

წყარო

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *