კვირის შეჯამება: პირადი ცხოვრების კადრები, განათლების სისტემა, NDI-ს კვლევები და სხვა

კვირის მოვლენების შეჯამება სასიამოვნო ფაქტით უნდა დავიწყოთ. გასულ კვირას მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის მომსწრე გახდა ჩვენი დედაქალაქი. ვაჟა ფშაველას გამზირზე, ასათიანის ქუჩის კვეთასთან ბედნიერების სკულპტურა გავხსენით. ეტყობა ჩვენმა ქვეყანამ ყველა პრობლემა მოაგვარა და „სრული ბედნიერებისათვის“ მხოლოდ ეს ხელოვნების შედევრი აკლდა ქალაქს. ეს ისე იუმორით. მოდით უფრო სერიოზულ თემებზე გადავიდეთ.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა საკმაოდ დატვირთული გამოდგა საზოგადოებრივი აქტიურობით. გასული კვირა რა, ბოლო 20 წელიწადია ასეთი დატვირთული წლის დასაწყისი არ გვქონია. თვეზე მეტია ქართული ოცნების დეპუტატის ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას იწვევს. ბესელიამ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გამოიყენა და ხმაურიანად გადადგა. მაგრამ ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ბესელიას წასვლა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ყოფილა გადაწყვეტილი. აშკარაა, რომ დეპუტატმა ქართული ოცნების ეგრეთწოდებულ „ახალგზრდულ ფრთას“ ჭკუით აჯობა მოსამართლეთა თემა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. როსტომის სასახლეში ჩატარებულმა პარტიულმა შეკრებამ პირველად  კი შეუქმნა საზოგადოებას იმის განცდა, რომ ქართული ოცნების ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ივანიშვილმა შეარიგა. მაგრამ გასულ კვირას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელებში გავრცელებამ დაგვანახა, რომ დაპირისპირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ბესელიამ ძალოვან მინისტრებს დააკისრა მთელი პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ თუ ეს საქმე გამოძიებული არ იქნება ეს ცუდად იმოქმედებს მათ იმიჯზე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა უპირობოდ მხარდაჭერა გამოუცხადა ბესელიას. ამ ფაქტის გარდა პირადი ხასიათის კადრების უკანონოდ გავრცელების სხვა პრეცენდენტიც გვახსოვს, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას ასეთი მძაფრი რეაქცია მაშინ არ ჰქონია. ქართული ოცნების დეპუტატს მისმა პოლიტიკურმა ოპონენტმა ალეკო ელისაშვილმაც კი გამოუცხადა ღია მხარდაჭერა. სასიამოვნოა იმ ფაქტის აღთქმა, რომ ჩვენი თანამემამულეების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამ მხრივ დღითიდღე იზრდება. ჩემი აზრით მსგავსი ფაქტებისადმი საზოგადოება შეურიგებელი უნდა იყოს.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული სოციალური ქსელების მომხმარებლები

ბესელიას კადრების გავრცელებაზე 17 პირი დააკავეს. მათშორის არიან პროფესიით მასწავლებლები, სამხედროები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები.სისხლის სამართლის პასუხისგებაში ის ადამიანები არიან მიცემული ვინც სოციალური ქსელში ვირუსის სახით მიიღო აღნიშნული ვიდეო და მერე მეგობრების გაუზიარა. ასე, რომ ამის შემდეგ დაფიქრდით ხოლმე მეგობრებო სანამ რამეს სოციალურ ქსელებში გააზიარებთ ან მეგობრებს რაიმე სახის ინფორმაციას გაუგზავნით ღირს თუ არა ამის გაკეთება.

ამ ისტორიაში ყველაზე საყურადღებო ის ფაქტია, რომ პირი, თუ პირები, რომელთაც უკანონოდ მოიპოვეს ჩანაწერი, გაასაჯაროვეს ან თავად დამკვეთი გამოძიების მიერ გამოვლენილი არ არის. სამაგიეროდ რიგითი მოქალაქეები არიან დაკავებულნი. მართალია, აბა დაფიქრდით, რა აზრი ექნება ამის შემდეგ ფარული კადრების გასაჯაროვებას, თუ ციხის შიშით მას არავინ ნახავს. თუ ასე გაგრძელდა ახალი სოციალური რეკლამა გვექნება გადასაღები, სლოგანით – დაფიქრდი სანამ გააზიარებ. ჩემთვის, რომ ვინმეს ეკითხა მე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივიწვევდი ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ყველა გამოსვლაში პრეზიდენტი მხოლოდ ამ თემაზე აკეთებს აქცენტს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება სხვა საკითხები მისთვის ნაკლებად აქტუალურია. შესაძლოა პრეზიდენტზე ჩემი ეს კომენტარიც ახლო მომავალში უკანონო ჩათვალონ. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მოსალოდნელია.

 

რეფორმატორი განათლების მინისტრი

ვაშლების შემდეგ ჩვენს განათლების სისტემაში, თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა ნამდვილად არ მეგონა. მაგრამ სიამოვნება თურმე ჯერ კიდევ წინ გველოდება. განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გასულ კვირას ახალი რეფორმების ტალღა დაანონსა, რომლის თანახმადაც საატესტატო გამოცდები უქმდება სკოლებში, ხოლო უმაღლესში ჩასაბარებლად უნარებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება. ბევრს მოეწონა მინისტრის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მშობლებს, რეპეტიტორების ფული დაგვეზოგებაო. მართალია საშუალო სკოლებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად სჯობია უნივერსიტეტებში მისაღები, სემესტრული, სახელმწიფო გამოცდებიც გავაუქმოთ. ან უკეთესს გეტყვით რათ გვინდა ცოდნის მისაღებად უმაღლესებში ტყუილად ფულისა და დროის ხარჯვა. განათლების სამინისტრომ პირდაპირ დიპლომები დაგვირიგოს. ნამდვილად არაფერს დაკარგავს ამით ქვეყანა. ამდენი დიპლომირებული სპეციალისტი გვყავს და გზის ან ხიდის მშენებლობა, რომ გვესაჭიროება მაინც უცხოელი სპეციალისტები ჩამოგვყავს.

განათლების სისტემაში რამდენჯერაც მინისტრი შეიცვალა იმდენჯერ ახალი რეფორმის დაწყება დაანონსდა. ჯერ არცერთ მინისტრს წინამორბედის დაწყებული საქმე არ გაუგრძელებია. ყოველ ჯერზე ყველაფერი თავიდან იწყება. მერე მე თქვენ გეტყვით და რომელი მათგანი გაჩერებულა დიდხანს თანამდებობაზე. ასეთი მიდგომის შედეგი ის არის, რომ საქართველო სწავლების ხარისხის მიხედვით 101 ადგილზეა და ისეთი ქვეყნების წინ ვართ როგორიც არის სომალი, კონგო, პაპუა-ახალი გვინეა და სხვა.

NDI-ს კვლევები

NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავცელებულია, 49 % ამჟამინდელი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% თვლის რომ მოსახლეობა საერთოდ არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მთავრობაზე, 10% ავტოკრატიული მართველობის სისტემას უჭერს მხარს, 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 37% მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა, 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, 38%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 30% თვლის, რომ არაფერი იცვლება, 60% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, თუმცა 94%-ს ბოლო 2 წლის განმავლობაში არ მიუმართავს, 43%-ის აზრით, ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 69%-ის აზრით, სასამართლოები ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება კვლევის შედეგებით. მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ მოსახლეობას ბევრი მოუგვარებელი პრობლემა გააჩნია (უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, გაზრდილი კრიმინალი, კორუფცია) დიდი ნაწილს არ აქვს იმედი, რომ ამ პრობლემებს მათ მთავრობა მოუგვარებს, ან საკუთარი აქტიურობით ისინი რამეს შეცვლიან ქვეყანაში. ყველაზე საგანგაშო ჩემი აზრით საერთო ნიჰილიზმია. ამ მდგომარეობაში საკუთარი თავები ჩვენ თვითონვე ჩავაყენეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთის ქვეყნებს, რომელთა გასაოცარ დემოკრატიასა და განვითარების ტემპებს ასე შევტრფით, ერთიანად არ მიუღწევიათ წარმატებისათვის. რაც გააჩნიათ ეს ათეული და ასეული წლების დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგია.

მმართველი პარტია როგორც ყოველთვის არ ენდობა ამ ორგანიზაციის კვლევებს. მთავრობას მიაჩნია, რომ კორუფციის, კრიმინალის, უმუშევრობის დონე არ არის საგანგაშო ზღვარზე. მაგრამ რამდენად სანდოა დღევანდელი ხელისუფალის სიტყვა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ რიგითი მოქალაქის მაცივარი პირთამდე სავსეა, თქვენ თვითონ განსაჯეთ.

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიცირებით გამოდის

25 ოპოზიციური პოლიტიკურმა პარტიამ მაჟორიტარული სისტემის შეცვლის მოთხოვნით შეხვედრა გამართა. ყველა თანხმდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული პრინციპით უნდა ჩატარდეს. მართველ პარტიას  აწყობს მოქმედი საარჩევნო სისტემა, რადგან 43 პროცენტიანი პოლიტიკური ძალა მაჟორიტარების მანდატებს იყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად. ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის უპრეცენდენტო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.

რითი სჯობია რუსული თაფლი ქართულს ?

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში 73 ტონა თაფლის შეძენის შესახებ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს. ვ.ტ-მ, რომელიც რუსული წარმოების პროდუქციის შემოტანას გეგმავდა. დიდი ოდენობით რუსული თაფლის შემოტანის პერსპექტივამ თავიდანვე გააღიზიანა ქართველი მეწარმეები. შესაძლოა პროტესტის, შესაძლოა სხვა ფაქტორების გავლენის გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დისკვალიფიკაცია მისცა რუსულ თაფლს.

ამ შემთხვევაში საკითხი რამოდენიმე ასპექტს მოიცავს. პირველი, რატომ ღებულობს ბოლო დროს ტენდერებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი ფირმა. რასთან გვაქვს საქმე, ნაკლებად გამჭირვალეა პროცესი, თუ ბიზნესი არ არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ მსგავს კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა? მეორე, ისმება კითხვა სახელმწიფო რას აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას? და მესამე ქართველი მეთაფლეები არიან თუ არა იმისთვის მზად, რომ წარმადობის თავლსაზრისით თუნდაც შიდა მოთხოვნა დააკმაყოფილონ?

 

სასიამოვნო კვირის გატარებას გისურვებთ!
ალექსი ნონიაძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *