კვირის შეჯამება: პოლიტიკური თამაშები, ბავშვებზე ძალადობის ფაქტები,  პრეზიდენტის სასახლის ბედი და სხვა

სოციალურ ქსელში ოთხფეხა შინაური ცხოველების მოყვარულთა ჯგუფში სტატია წავიკითხე, რომელიც ქუჩის ძაღლებს ეხებოდა. ავტორის აზრით ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ევოლუციონირებას გადიან და ვითარდებიან. ასე მაგალითად, საკვების მოსაპოვებლად შორი მანძილის გავლა უწევთ მათ და გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც კი იყენებენო. ალბათ ყველას გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლი ერთი და იგივე მარშრუტის ქალაქის ტრანსპორტს დაჰყვებოდა ყოველდღე. ავტობუსის მგზავრებმა „ხაჩიკოდაც“ მონათლეს იგი. მე პირადად მაქვს ნანახი „ქარფურისა“ და ვარკეთილის მეტროს შესასვლელებში, ელიავას ბაზრობის ავტოსადგომზე სავარძელში მოკალათებული ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ადამიანებს არ უფრთხიან და შედარებით კომფორტულად გრძნობენ ჩვენს სიახლოვეს თავს. შინაური ცხოველების გონებრივ განვითარებაზე არ ვიცი რა მოგახსენოთ ისინი ინსტიქტებით მოქმედებენ, მაგრამ აშკარაა, რომ რაღაც შეიცვალა. და ეს ცვლილება მხოლოდ ჩვენშია მეგობრებო. ცხოველები დარჩნენ ცხოველებად. მაგრამ ადამიანები გავხდით უფრო ადამიანურები. ეს არის და ეს მხოლოდ. კვირა საღამო მშვიდობისა!

 

პარლამენტის პლენარული სხდომა და ადგილების „გადანაწილება“ ქართულ ოცნებაში

გასულ კვირას პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა ძველ მისამართზე რუსთაველის N8-ში. კონსტიტუციაში ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან დედაქალაქში დაბრუნდა. მაგრამ ეს ცვლილებების ერთი ნაწილია. სხდომათა დარბაზში შესულ ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობას სურპრიზი ელოდათ.  ბესელიასა და მისი მომხრე დეპუტატების ადგილები დარბაზში სრულიად „შემთხვევით“ ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების გვერდით აღმოჩნდა. ასევე „გადაადგილები” შეეხოთ ეგრეთწოდებული „ახლების“ დაჯგუფების წევრებსაც. მათი ადგილები,  სხდომათა დარბაზში წინ ქართული ოცნების „ძველმა გვარდიამ“ დაიკავა. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ადამიანი. პოლიტიკაშია ასეა ერთდროს გავლენიანი მთავრობის წევრები ან ოპოზიციაში მიდიან და ან ციხეში. მუდმივი ქვეყანაში მხოლოდ ხალხია.


„ბატონო მიხეილ თქვენ დედა გყავთ“

2019 წლის პირველი საგაზაფხულო პლენარული სხდომა კიდევ იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს გამოსვლას მოუსმინეს დეპუტატებმა. მინისტრმა ისაუბრა განათლების ახალ რეფორმაზე, მაგრამ ჩემი აზრით ბატონმა მიხეილმა მაინც ვერ დაგვისაბუთა ახალი ცვლილების აუცილებლობა. თუ ბავშვები  საატესტატო გამოცდებს ვერ აბარებენ სწავლის ხარისხი უნდა გაიზარდოს და არა გამოცდები გაუქმდეს. მოგვიანებით გაიმართა მინისტრთან საკომიტეტო მოსმენაც, რომელზეც გარდაცვლილი ქალბატონის ია კერზაიას თემას ბუნებრივია საუბარი ვერ აცდებოდა. მინისტრის განცხადებები, პირდაპირ სამარცხვინო იყო. იგი გვარწმუნებდა, რომ მასზე დაქვემდებარებული სამინისტრო იმდენად ოპერატიულად მუშაობს, რომ კანცელარიაში საჩივრის შესვლიდან 6 წუთში მინისტრი განიხილავს მას და რამოდენიმე საათში შესაძლებელია უკვე აუდიტის ჯგუფის გაგზავნა ადგილზე საკითხის შესასწავლად. მართველი პარტია ყველანაირად ცდილობდა დაეცვა მინისტრი ოპოზიციის ბრალდებებისაგან, მაგრამ ეს ყველაფერი მინდა გითხრათ ძალიან ცუდად გამოსდიოდათ.

ძალიან ემოციური გამოსვლა ჰქონდა მინისტრის საკომიტეტო მოსმენებზე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ქალბატონი ია კერზაიას ვაჟს ბაჩანა შენგელიას. პირდაპირ გეტყვით ამ ადამიანის ვაჟკაცურმა საქციელმა და თავდაჭერილობამ პირდაპირ მომხიბლა. ხოლო მისი კითხვა დასმული განათლების მინისტრისთვის: „ბატონო მიხეილ თქვენ დედა გყავთ?“ – ისმოდა, როგორც განაჩენი.

 

რუსი მიტროპოლიტის მკვეთრ განცხადებებზე პასუხი

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის განხილვის თემა ყოველკვირეულად არათუ კარგავს ინტერესს, არამედ სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. რუსული ეკლესიის გავლენიანი მღვდელმთავრის მიტროპოლიტ ილარიონის მძიმე განცხადებებს თბილისის საპატრიარქოში ასევე მკვეთრი პასუხი  ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის მხრიდან გაეცა. მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოშია გაზრდილი ისევე, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. ასევე რუსეთის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი (ივანოვი, პრიმაკოვი, ჟირინოვსკი და სხვები) ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენს ხალხთან. ნუთუ ელემენტარული მადლიერების გრძნობა არ უნდა გააჩნდეთ ამ ხალხს იმ ერის მიმართ, რომელმაც თავის დროზე ისინი შეიფარა და ცხოვრებაში სტარტი მისცა. და თუ ჩვენს ხალხს არ დაუფასებენ ამ ამაგს, ხომ შეიძლება, რომ ცუდი მაინც არ გაუკეთონ. მაგრამ ნათქვამია მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ისეა მაგათი საქმე.


მესამე პრეზიდენტი და მისი აშენებული სასახლე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებს შეხვდა და მათ საკუთარი ახალი ინიციატივა – „ყველა სახლში“ გააცნო. ქართული ოცნების აქტიურმა მხარდამჭერებმა, რომელთა შორის თბილისიდან ჩასული ხალხი მრავლად იყო, აღნიშნული ღონისძიება დარბაზის გარეთ ქუჩაში გააპროტესტა, მას შემდეგ რაც ისინი შიგნით არ შეუშვეს. მაგრამ რას აპროტესტებდნენ გაუგებარია, ექსპრეზიდენტის შეხვედრას ემიგრანტებთან, თუ ემიგრანტების დაბრუნების პერსპექტივას საქართველოში.

სანამ ექსპრეზიდენტი ემიგრანტებს ხვდებოდა თბილისში პარლამენტის შენობაში პრეზიდენტის ყოფილი სასახლის ბედს 7 დეპუტატისგან შემდგარი კომისია წყვეტდა. ერთ-ერთი კომისიის წევრებს შორის ქალბატონი ენძელა მაჭავარიანია. შეგახსენებთ ეს ის დეპუტატია სიტყვა „პრეზიდენტი“, რომ  ვერ გაიხსენა და „რა ჯანდაბათი“ მოიხსენია გიორგი მარგველაშვილი.

წინასწარი მონაცემებით სასახლე ქართული კულტურის სახლს უნდა დაეთმოს, სადაც მოხდება მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების დახვედრა და მიღება. პრინციპში ამისთვისაც არის ეს სასახლე შექმნილი და თავის ფუნქციას არ დაკარგავს. გამოდის, რომ მის შესანახად ხარჯი მაინც უნდა გავიღოთ ასეც და ისიც. მაშინ გაუგებარია პრეზიდენტის რეზიდენცია რატომ გადაიტანეს ორბელიანების სასახლეში, ხოლო მის გასარემონტებლად რატომ დახარჯეს კოლოსალური თანხა. რაც არ უნდა გავაკეთოთ წარსულს მაინც ვერ შევცვლით. ავლაბრის რეზიდენცია მემატიანეში შევა, როგორც პრეზიდენტის სასახლე და რა გამოდის ისტორიას ვებრძვით?  სჯობდა დარჩენილიყო საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია ძველ ადგილზე, ხოლო ფართის ნაწილს რომელიმე სხვა საჯარო უწყებას გაუზიარებდა.


ქართული ოცნების ჭავჭავაძის ოფისიდან მოპარული ფული

მას შემდეგ რაც რუსთავი 2-მა გასაჯაროვა ინფორმაცია ქართული ოცნების ოფისიდან ფულის მოპარვის შესახებ იძულებული გახდა მართველი პარტია ასევე საჯაროთ ეღიარებინა ფულის დაკარგვის ფაქტი. თბილისის საკრებულოს  დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით დაუსაბუთებელი ფულის არსებობაც კი ოფისის სეიფში, რომელიც პარტიის აღრიცხვაში არ ფიგურირებს უკვე დანაშაულია. ოპოზიციონერი დეპუტატი იმასაც ამტკიცებს, რომ ფულის დაკარგვის შემდეგ ვაკის რაიონის გამგებელმა მერთან შეთანხმებით მეორე დანაშაული ჩაიდინა. სოციალურად გაჭირვებულებისათვის გამოყოფილი თანხიდან გადაუხადა  ქართული ოცნების პარტიის აქტივისტებს  ხელფასები. ქალაქის მერი ოპოზიციის მხრიდან მორიგ დეზინფორმაციაზე საუბრობს და აღნიშნა, რომ მოპარული ფული ოფისის იურისტს ეკუთვნოდა. რუსთავი 2 დაუკავშირდა „დაზარალებულ“ იურისტს, რომელმაც უარყო ფულთან რაიმე კავშირი. იმედია გამოძიება დაადგენს ამ საქმის დეტალებს.


როდემდე უნდა გაგრძელდეს ბავშვებზე ძალადობის ფაქტები

წინა კვირების განმავლობაში აქტიურად განვიხილავდით ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს. სამწუხაროდ პრობლემა პრობლემად რჩება. ყოველდღიურად ვგებულობთ ბავშვებზე ძალადობის ახალ და ახალ ფაქტებს. შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მამა სექსუალურად იძალადა მცირეწლოვან ქალიშვილზე. პირი არ მიბრუნდება ამ საქმის გარშემო დეტალების განხილვაზე. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ შემზარა ბავშვის დედისა და ბებიის გულგრილმა დამოკიდებულებამ ამ ფაქტისადმი. საზოგადოება კი 14 წლის გოგონას არ უჯერებდა მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე შეყვარებული ჰყავდა და მასთან ერთად გაპარვას აპირებდა. 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების შედეგად კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ არც საზოგადოება და არც სახელმწიფო მზად არაა პასუხი გასცეს ახალ გამოწვევას, რომელსაც ბავშვთა უფლებებების დაცვა ჰქვია.

 

სასიამოვნო კვირის გატარებას გისურვებთ!
ალექსი ნონიაძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *