სკანდალი ხელისუფლებაში – ვის შეიწირავს ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა

სამთავრობო გუნდში სკანდალი მწიფდება. ყოველ შემთხვევაში, არსებობს მოლოდინი, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც ამ დღეებში უნდა გაიმართოს, დიდი ხმაურით ჩაივლის. ამის მიზეზი კი, როგორც „ნიუპოსტს“ პარლამენტის კულუარებიდან ეუბნებიან, შესაძლოა, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა გახდეს.

იმის თაობაზე, რომ ფაროსანასთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები არაგამჭირვალედ იხარჯება, ეჭვი დიდი ხანია, არსებობს და აღნიშნულ თემაზე „ნიუპოსტიც“ წერდა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ე.წ. ფაროსანას საქმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა და ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პროგრამაში ყველაფერი რიგზე ვერაა, გამოკითხვაზეც დაიბარეს, თუმცა ამის შესახებ ინფრომაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა.

რაც შეეხება ზემოხსენებულ კომიტეტის სხდომას, როგორც „ნიუპოსტს“ „ქართული ოცნების“ კულუარებიდან უთხრეს, დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მწვავე შეკითხვებს დაუსვამენ და, მაგალითად, დაინტერესდებიან, თუ რატომ გადაიფიქრა უწყებამ მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესყიდვა მაშინ, როცა ფაროსანასთან ბრძოლის პროგარამაში თანხები ავტომანქანებისთვისაცაა გამოყოფილი?

ამასთან ერთად, როგორც „ნიუპოსტისთვის“ ხდება ცნობილი, „ოცნების“ ცალეკულ წარმომადგენლებს კონკრეტული პრეტენზიები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხანიშვილთან, რომელიც ე.წ. ფაროსანას პროგრამას კურატორობს. სხვათა შორის, „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ხანიშვილი წინა ხელისუფლების არათუ მხარდამჭერი, არამედ, შემომწირველიც იყო. ამასთან, პარლამენტის კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ეს პიროვნება საკრედიტო კომპანიის მეწილე იყო და მევახშეობით სერიოზული მოგება ნახა.

კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, „ოცნების“ დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე დასვავენ, პესტიციდებს შეეხება, ანუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები შეეცდებიან, გაარკვიონ, თუ რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ ბიფტერინის ჯგუფის ე.წ. თურქული წარმოშობის პესტიციდის, ანუ ე.წ. „ზონდერის“ ყიდვა მაშინ, როცა აღნიშნული პრეპარატი ევროკავშირის ქვეყნებში არ გამოიყენება, თან ეს პრეპარატი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფაროსანასთან საბრძოველად, პრინციპში, არაეფექტურია. სხვათა შორის, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ თურქული პრეპარატის ყიდვა გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებთან არის დაკავშირებული, ანუ სახელმწიფომ ფული ისეთ პესტიციდებში გადაიხადა, რომელიც ფაროსანას არ მოსპობს და შესაბამისად, გაზაფხულზე, როცა მავნებელი მწერი გააქტიურდება, მოსახლეობა ისევ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, რომ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა ვიღაცებისთვის შესაძლოა, პოლიტიკური რექვიემის ტოლფასი გახდეს.

სხვათა შორის, იგივე პარლამენტის კულუარებში მუსირებს მოსაზრება, რომ ამ ყველაფერს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, დავით კირვალიძე კურირებს. მოგეხსენებათ, კირვალიძემ თავის დროზე მინისტრის სავარძელი ე.წ. „ტრაქტორების სკანდალის“ გამო დატოვა, თუმცა ამჟამად, არსებული ინფორმაციით, ის პრემიერ კვირიკაშვილის მრჩეველია სოფლის მეურნეობის საკითხებში და მასთან შეთანხების გარეშე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი, თურმე, ნაბიჯსაც ვერ დგამს.

წყარო

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *