სოციალური მუშაკების პროტესტი გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროსთან სადაო საკითხების სრულად შეთანხმებამდე, სოცმუშაკები გაფიცვას გააგრძელებენ.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურმა მუშაკებმა საერთო აზრის ჩამოსაყალიბებლად შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გააგრძელეს. სოცმუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამინისტროსთან დიალოგს გააგრძელებენ და გაფიცვას არ შეწყვეტენ.

როგორც ჟურნალისტებს სოციალურმა მუშაკმა მარიამ ბანძალამ განუცხადა, შეთანხმება სამინისტროსთან ნაწილობრივ შედგა. შესათანხმებელ პუნქტებზე კი მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს დავა დამსაქმებელთან. ეს არის სამუშაო რეჟიმი, რაც გულისხმობს სოციალური მუშაკების მხრიდან წარდგენილ რამდენიმე მოთხოვნაზე პასუხის გაცემას. მათ შორის არის ხელფასი, ტრანსპორტით მომსახურების, სოციალური მუშაკების კადრების, კერძოდ, ფსიქოლოგებისა და იურისტების დამატების და სხვა საკითხები. ჩვენი შეხვედრის შედეგად მივიღეთ ნაწილობრივი თანხმობა ზოგიერთ პუნქტში. ნაწილობრივ თანხმობაში იგულისხმება მაგალითად ის, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილამდე სერვისცენტრები აღიჭურვება 25 ერთეული ტრანსპორტით. სოციალური მუშაკების მოთხოვნაა, რომ 2020 წლისთვის ყველა სერვისცენტრი აღიჭურვოს თითო სატრანსპორტო საშუალებით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ვერ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარიამ ბანძალამ.

მისივე თქმით, ასევე მათი მოთხოვნაა ყველა სერვისცენტრს მიმდინარე წლის ბოლომდე ჰყავდეს ერთი ფსიქოლოგი.

„ჯანდაცვის მინისტრმა დაინახა, რა სირთულეები და გამოწვევები დგას სოციალური მუშაკის წინაშე. გაფიცვის რეჟიმი გრძელდება. სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ გაფიცვას, მაგრამ ეს ამავდროულად, არ გამორიცხავს სამართლებრივად თანამშრომლობას სამინისტროსთან ზემოთ აღნიშნულ პუნქტთან მიმართებაში”, – განაცხადა მარიამ ბანძალამ.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *