რომელი ოლიგარქები ებრძვიან “ბადაგონს” და პირველ სტერეოს?! ხვიჩა მაქაცარიას და დავით ბეჟუაშვილის სახიფათო კავშირები

„ბადაგონის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უახლოეს მომავალში ალბათ სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სიმართლე მართლმსაჯულების შენობაში ამტკიცონ და არა ფინანსურ პოლიციასა თუ სხვა აღმასრულებელ სტრუქტურაში. ფინანსური პოლიციის ჩარევა ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობაში თუ კერძო საკუთრებაში, სრულიად ლოგიკურად აჩენს ხოლმე საფუძვლიან და ლეგიტიმურ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ერევა სახელმწიფო თუნდაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის დავაში და რა ინტერესი აქვს ამ შემთხვევაში ხელისუფლებას? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ყველა დროის ხელისუფლების სავიზიტო ბარათი ბიზნესში უხეში ჩარევა და დაქვემდებარების გახშირებული ფაქტები იყო, საზოგადოებას რომ ეჭვები გაუჩნდეს, ამაში უცნაური არაფერია. ჯერჯერობით, ლეგიტიმურად რჩება ეჭვები „ბადაგონის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ოლიგარქთა სახიფათო კავშირები და გავლენებიც ემატება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებზე.  ამ დრომდე სრულიად გაურკვეველია, რას აპირებს ხელისუფლება ან როდემდე იქნება საზოგადოებისთვის დახურული ის ფაქტები და დოკუმენტაცია, რომელსაც ფინანსური პოლიცია ამუშავებს. „ოცნების“ ხელისუფლებას ალბათ გააზრებული აქვს, ასეთი მოვლენები როგორ აისახება მათ იმიჯზე.

ვიდრე საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, ჩვენ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის დეტალებით დავინტერესდით. როგორც გაირკვა, „ბადაგონის“ დასაკუთრების მსურველთა რიცხვი, დღითიდღე იზრდება.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ცოტა ხნის წინ, მოდავე მხარის, კომპანია „გრაკოროს“ დირექტორის მოადგილედ ადვოკატი იმედა დვალიძე დაინიშნა. ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ მანამდე ბატონი დვალიძე წარმოადგენდა „გრაკოროს“ ინტერესებს ადვოკატის სტატუსით.

შესაბამისი დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 5 მარტს გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირებაში რუსეთის მოქალაქეები ვლადიმერ ჯანჯღავა და თეიმურაზ უბილავა საქართველოს მოქალაქემ, ადვოკატმა იმედა დვალიძემ ჩაანაცვლა, რომელიც  ყოფილი დეპუტატის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელია. როგორც ინფორმირებული წყარო  აცხადებს, „ბადაგონის“ გარკვეული წილის ხელში ჩაგდების მსურველთა შორის პავლე კუბლაშვილიც არის, თუმცა, ამ ინფორმაციას, ცხადია, არავინ ადასტურებს.

https://www.youtube.com/watch?v=lK77yCmV2xk&feature=youtu.be

„ბადაგონის“ სკანდალის დაწყების დღიდან, საქმეში დავით ბეჟუაშვილის გვარი  აქტიურად ფიგურირებს. მართალია ბეჟუაშვილის მხარე ამ სკანდალთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, მისი დაინტერესება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით, არა მხოლოდ არ ირიცხება, არამედ იკვეთება, რომ ამ საქმით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად დაინტერესებული პირი მისი ბიზნეს პარტნიორია.

ბატონი დავით ბეჟუაშვილი, სხვადასხვა სასამართლოების დონეების გადაწყვეტილების მიუხედავად,  “სენსაციურად” იგებს სასამართლოს უზენაეს ინსტანციაში და ბუნდოვან გარემოებებში აგლიჯავს კანონიერ მფლობელს “პირველი სტერეოს” ჰოლდინგს, ხოლო იგივე ბეჟუაშვილი უკვე სხვა ოლიგარქთან, ხვიჩა მაქაცარიასთან, კავშირში ცდილობს ცნობილი ბრენდის “ბადაგონის” დაპყრობას.

https://1tv.ge/news/stereo-damfudznebeli-biznesmen-davit-bedjuashvils-kompaniis-wilebis-ukanonod-mitvisebashi-adanashaulebs/

ვიდრე მთავარ დაინტერესებულ პირზე გადავიდოდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ პავლე კუბლაშვილი თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ გამოეყო და თანამოაზრე დეპუტატებთან ერთად, პოლიტიკური პარტია „გირჩი“ დააფუძნა. მან მოგვიანებით პარტია ოფიციალურად დატოვა, მაგრამ არაოფიციალურად, პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და დამფინანსებელი სწორედ პავლე კუბლაშვილია. არ არის გამორიცხული, ზურაბ ჯაფარიძის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საჭირო თანხები სწორედ კუბლაშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორებმა – ვლადიმერ ჯანჯღავამ და თეიმურაზ უბილავამ გაიღონ!

ამასთან, თეიმურაზ უბილავა რუსეთის სპეცსამსახურების ვეტერანთა ასოციაციის თავმჯდომარეა!

რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ დაინტერესებულ პირს – ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციების მიხედვით, რომელიც ინფორმირებულმა პირებმა მოგვაწოდეს, ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. ადამიანი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებასთან ძმაკაცობის, საქმეების ერთად კეთების და „ჩაწყობის“ დიდი გამოცდილებაც აქვს და როგორც ჩანს, ეს გამოცდილება „ოცნების“ ხელისუფლებასთანაც კარგად ჭრის!

მაქაცარიას გვარს ბევრი ხმაურიანი ბრალდება უკავშირდება, რაზეც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ გასული წლის ზაფხულში, ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებში, ხვიჩა მაქაცარია ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩა მაქაცარია დავით ბეჟუაშვილის ბიზნესპარტნიორია. თუმცა, მისი ბიზნესპარტნიორების პალიტრა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ინტერესები საქართველოში არსებული თითქმის ყველა ბიზნესში!

ვინ არის ხვიჩა მაქაცარია? – მისი ბიოგრაფიული დეტალები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობისთვის ძალიან საინტერესოა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთ აღმოჩნდა. დედაქალაქის მერი კახი კალაძე „სითი პარკის“ შემცვლელად სწორედ მაქაცარიას კომპანიას ამზადებს.

ამ საკითხზე ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში საუბრობდა დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ „სითი პარკის“ ჩანაცვლებით ხვიჩა მაქაცარია და მისი ბიზნეს-ჯგუფი იყო დაინტერესებული და მზად იყვნენ, რომ ებრაულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირგასამტეხლო 25 მილიონი გადაეხადათ. მაშინ კალაძემ ამ ინფორმაციას აბსურდი უწოდა, თუმცა რაღაც-რაღაცეები საკმაოდ უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს – კალაძემ „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფრთხილებლად გაუწყვიტა და ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციების შესრულება სატრანსპორტო კომპანიას დაავალა?!

როგორც ჩანს, კალაძე ცდილობს ხვიჩა მაქაცარიას და მისი პარტნიორების კომპანია ამ ამბავში უხმაუროდ შემოიყვანოს, მაგრამ წარმოუდგენელია, ამ ამბავმა ხმაურის გარეშე ჩაიაროს!

ხვიჩა მაქაცარია „ჯი ემ სი“ ჯგუფის ერთ-ერთი მფლობელია. იგი „ჯი ემ სი“ ჯგუფში 20%-იან წილს ფლობს. „ჯი ემ სი“ ჯგუფი რომ ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესჯგუფია, რამდენიმე მილიარდიანი ქონებით, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია და ამ ჯგუფის საქმიანობის შესახებ,  მოგივიანებით ვისაუბრებთ. ამ შემთხვევაში კი ერთი საინტერესო დეტალი, დედაქალაქის მერთან დაკავშირებით ის არის, რომ „ჯი ემ სი ჯგუფმა“ კახი კალაძის კუთვნილი „საქჰიდრომშენი“ ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში იყიდა!

ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე, რომელიც მაქაცარიას და მის ბიზნეს-ჯგუფს უკავშირდება,  „კავკასუს ონლაინის“ წილების ძალადობრივი გზით დასაკუთრებას ეხება. „კავკასუს ონლაინი“ მის ყოფილ მფლობელს მამია სანადირაძეს ძალადობრივი გზით დაათმობინეს, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე. სანადირაძე კატეგორიულად აცხადებს და ამ დრომდე დავობს, რომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია მას სწორედ ხვიჩა მაქაცარიამ და ლევან ყარამანიშვილმა წაართვეს და მათ უკან, სანადირაძის მტკიცებით, კახი კალაძე დგას. ცნობისათვის ეს ლევან ყარამანაშვილი რუსთავი 2-ის წილის მფლობელი ლევან ყარამანაშვილია. კახი კალაძე მათთან კავშირს ასევე კატეგორიულად უარყოფს.

ხვიჩა მაქაცარიას გვარი ფიგურირებს „ბილაიანის“ მფლობელი კომპანიის მეპატრონეებს შორისაც. კავშირგაბმულობის  კომპანია “მობიტელი” საქართველოში “ბილაინის” ბრენდით 2007 წელს  შემოვიდა. კომპანია რუსული „ვიმპელკომის“ ჯგუფის წევრია. “ბილაინი” საკუთარ აბონენტებს ფიჭური კავშირის მომსახურებას აწვდის. „ვიმპელკომი“ “მობიტელს” ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს –  „ვოთერთრაილ ინდასტრიზს“ 51% ეკუთვნის,  „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%, მირენ ინვესტი კი 20% ფლობს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მაქაცარიამ და თემურ არონიამ 2013 წელს დააფუძნეს კომპანია   Caucaus Business Solution (CBS) სადაც 11 კომპანია გააერთიანეს. მათ შორისაა სატელეკომუნიკაციო კომპანია  “კავკასუს ონლაინი”. შპს ,,თბილისის მიკროავტობუსი“, ტოტალიზატორი „ევროპაბეთი“, სატელეკომუნიკაციო კომპანია „რკინიგზის ტელეკომპანი“, სასტუმრო ბათუმში „ინტურისტ პალასი“, რესტორნების ქსელი და ლუდსახარში „მირზაანი“, რესტორნების ქსელი GMC Group, რომელიც აერთიანებს და მენეჯმენტს უწევს ცნობილ რესტორნებს ,,ძველი სახლი’’, ,,შემოიხედე გენაცვალე’’, ,,სლოვინსკაია’’, “ქალაქური”, “მატრიოშკა”, “გურმანი”,  რესტორანი-ტერასა ,,BOHEMA’’. CBS-ს ეკუთვნის სარეკლამო სააგენტო „ელეფანტი“, თელეთის ხორცკომბინატი და ეწ „დეზერტირების ბაზარი“.

კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება ხვიჩა მაქაცარიას და მის ბიზნესკომპანიებს. ცოტა ხნის წინ საქართველოში ეროვნული ლატარიის გათამაშება დაიწყო. ლიცენზიის მფლობელი მაქაცარიას და მისი ბიზნესპარტნიორების კომპანიაა.

როგორც ცნობილია, ამ ბიზნეს-ჯგუფმა რამდენიმე თვის წინ მოიპოვა ლიცენზია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ლატარიას 2027 წლამდე შპს „ჯი ენ ელ“-ი ჩაატარებს. ეს ექსკლუზიური უფლება ამ ჯგუფმა ფინანსთა სამინისტროსგან დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის დროს მიიღო. საინტერესო ის არის, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში შპს „ჯი ენ ელ“-ის კონკურენტი არ ჰყავდა და შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელიც ის გახდა.

ლატარიის ჩატარების უფლებამოსილება ამ დრომდე „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ჰქონდა, რომელმაც საქმიანობა გასული წლის შემოდგომაზე შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს შემდეგ ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გახდა სახელმწიფო. ამ დრომდე უცნობია, თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ წილს – დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელობაში გადავა.

კომპანია „ჯი ენ ელ“-ი გასული წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაციის მომენტში კომპანიის 100%-იან წილს მისი მოქმედი დირექტორი ლევან ხუნდაძე ფლობდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელები უკვე ბულგარეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება New Games და შპს „ვინ“ არიან, რომლებიც იმ დროისათვის 50%-50%-იან წილებს ფლობდნენ. რეესტრის 2017 წლის 20 ივლისის მონაცემებით კი, New Games-ი კომპანიის 25%-იანი წილის; ხოლო „ვინ“ 75%-იანი წილის მფლობელები არიან.

New Games-ი ბულგარეთის ლატარიის ეროვნული  კომპანიაა. რაც შეეხება კომპანია „ვინ“-ს, რეესტრში ის 2016 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კობა ღურწკაიაა. რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორია, რომლის 50%-50%-იან წილებს ბიზნესმენები – ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია ფლობენ. სამივე მათგანი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

თავის მხრივ, „სი ბი ეს ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორის არიან: „კავკასუს ონლაინი“, „ბილაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ პირველი სარესტორნო ქსელის მმართველი კომპანია „ჯი-ემ-სი ჯგუფი“, სასტუმრო „ინტურისტი“ და ა.შ.

რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია ასევე ფლობს 80%-იან წილს კომპანია „ჯეო ტოტო“-ში; „იმპექს სერვისის“ 10%-იან წილს; „ფორტუნა-ბათუმის“ 25%-იან წილს. ასევე არის შპს „სფოთ ფოინთ“-ის დირექტორი, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა. შპს „ჯი ენ ელ“-ს საქართველოში ლატარიის ჩატარებაზე ექსკლუზიური უფლება 2027 წლამდე აქვს.

რაც შეეხება ხვიჩა მაქაცარიას „ნაციონალურ“წარსულს – ის ძალიან დაახლოებული პირი იყო დედაქალაქის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან, და ზოგადად, მაშინდელ პოლიტიკურ ელიტასთან. შესაბამისად, მას ყველა მიმართულებით გზა ჰქონდა გახსნილი. მედიაში აქტიურად განიხილებოდა, როგორ მოიგო მისმა ერთ დღეს დაფუძნებულმა ოთხმა კომპანიამ ე.წ. „ყვითელი მარშუტკების“ ტენდერი და მილიონობით მოგება ნახა. ეს ხმაურიანი საქმე „ოცნების“ ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს „გადაავიწყდათ“?!

რა შეეხება „ ბადაგონს“ და ამ საქმეში მაქაცარიას ინტერესებს. როგორც ჩანს, ხვიჩა მაქაცარიამ უკანასკნელ პერიოდში საკუთარი პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა და საკუთარ მრავალფეროვან ბიზნეს პალიტრაში „ბადაგონის“ ფერის წარმოდგენაც უნდა და მეორე და მთავარი – ხვიჩა მაქაცარიას და დავით ბეჟუაშვილს გააჩნიათ მყარი კავშირები და გავლენები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებზე, რაც ოლიგარქიულ ვითარებას კიდევ უფრო ამყარებს ქვეყანაში, რაც ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის!

შეგახსენებთ, რომ შპს „გრაკოროს“ ბენეფიციარი ვლადიმერ ჯანჯღავამ, „ბადაგონის“ 100%-იანი წილის მფლობელს, გოგი სალაყაიას ფინანსურ პოლიციაში უჩივლა და საკუთარი კუთვნილი წილის დაბრუნება მოითხოვა. ფინანსურმა პოლიციამ მოკვლევა დაიწყო. სავარაუდოა, რომ „ბადაგონის“ საქმე უახლოეს მომავალში სასამართლოში გადაინაცვლებს, თუმცა ოლიგარქები და მათი სახიფათო კავშირები სასამართლო სისტემაში, ფინანსურ პოლიციაში და სხვა სახელმწიფო უწყებებში შეეცდებიან „ბადაგონის“ დაპყრობას სახელმწიფოს ხელით და სახელმწიფოს სახელით. ჩნდება კითხვა- რაში სჭირდება ყოველივე ეს ქართულ სახელმწიფოს?!

წყარო ახალი ამბების სააგენტო “აქცენტი”

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *