პოლიტიკური პროცესები და საზოგადოების სურვილები: ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის მოსაზრებები

რა არის პოლიტიკაში მთავარი – ხალხის სურვილის გათვალისწინება, რისი მოსმენა უნდათ მათ და პოლიტიკოსების საქმიანობის ამ მიმართულებით წარმართვა თუ პოლიტიკოსებმა უნდა შექმნან ის, რაც ხალხს სურს?

ამ თემაზე, ა.წ. 26 თებერვალს, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, „კომერსანტის“ და „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ ერთობლივ გადაცემაში „ორშაბათის თოქ–შოუ“-ს წამყვანებთან – პაატა მანჯგალაძესთან, ედნარ მგელაძესთან და გიორგი მაჭარაშვილთან ისაუბრა პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძეს მაგალითად მოჰყავს კონკრეტული ფაქტი და საპასუხოდ სვამს რიტორიკულ კითხვას:

„მე-19 საუკუნის ჟურნალებს (იგულისხმება საქართველოს ჟურნალები. რედ.) რომ თვალი გადაავლოთ, შეიძლება გული შეგიწუხდეთ ისეთი რუსოფილური დამოკიდებულება ჩანს, შეგუებული უკვე იმასთან, რომ რუსეთის ქვეშერდომები ვართ, იმასთან რომ ენასაც უფრო რუსულს იღებდა მეტად და ა.შ. ილია ჭავჭავაძე ხალხის სურვილს აჰყვა თუ ხალხის სურვილი შექმნა?“

ვანი-ხონის შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავას ჩართვისა და ე.წ. პოლიტიკური დაკვეთის კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი მოსაზრება აქვს ბატონ რამაზს:

„გიგი უგულავა ძალიან სწორედ იქცევა, სანამ ჩრდილშია, თორემ საკმარისია ისე ამოტივტივდეს, ხალხის სურვილი გამოჩნდება და არ იქნება სასიამოვნო სანახავი ბევრისთვის“.

ხალხის, საზოგადოების სურვილებთან მიმართებაში თავისი მოსაზრებები აქვს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს:

„ფსიქოლოგი ვარ და გამოვიყენებ ჩემს სპეციალობას – სურვილებსაც თავისი ფენები აქვს, ზოგ სურვილს ხალხი ვერ აცნობიერებს, ჩვენ ძალიან შეგუებული ვიყავით იმას, რომ „საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ“. 80-ანი წლები, რაც მე მახსოვს, დისიდენტების გარდა, რომლებიც ამბობდნენ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთო და შეკითხვაზე „რითი ვირჩენთ თავსო“, – მანდარინითო, აი ამ ხალხის გარდა პრაქტიკულად დამოუკიდებლობა არავის წარმოედგინა. საკმარისი იყო – „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოსო“ თქმულიყო, რომ ქუჩა გაივსო ხალხით და აღარ დაფიქრებულან იმაზე – გუშინ რაზე ფიქრობდნენ და რაზე არა. ასე რომ, არის ხოლმე სურვილები, რომელსაც თვითონ ხალხიც ვერ ხვდება, მაგრამ, ასე ვთქვათ, მისი გული ამ სურვილის მხარესაა. აი მაგას უნდა მიხვდეს პოლიტიკოსი, რომელი არის ასეთი, ხალხისთვის მგრძნობიარე, თემა, მის სურვილებთან, მის შეიძლება გაუთვითცნობიერებულ სურვილებთანაც კი ახლოს მყოფი თემა და იმას უნდა მიჰყვეს.“

წყარო: სააგენტო “პარალელი”

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *