ქართული პოლიტიკა: პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგებია, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან, ერთმანეთს ემესიჯებიან

პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციას ოფიციალურად ჯერ ვერ დაიწყებენ, რადგან საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე 60 დღით ადრე იხსნება.

შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისთვის „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი უფლებები და ამ პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებები და შეზღუდვები, კანონის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება.

მანანდე კი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეუძლიათ, დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, როგორც ამას მმართველი პარტია აკეთებს – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აგვისტოს შუა რიცხვებამდე მიიღებს – „საჩქარო ნამდვილად არ არის, სამართლებრივი ვადა არის 8 სექტემბერი, როდესაც უნდა დასახელდეს კანდიდატები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ის რომ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას აჭიანურებს, ერთგვარი სტრატეგიაა, რაც გარკვეულწილად „ქართული ოცნებისთვის“ უკეთესია.

„ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც გვიან დასახელდება კანდიდატი, ჩვენთვის უკეთესია. როგორც კი შეიკრიბება პოლიტსაბჭო ან უმრავლესობა და გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმ დღესვე გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულია 150–მდე ადამიანი, ამის შესახებ ლოგიკურად ვრცელდება ინფორმაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ჩვენი გადაწყვეტილება არ იყოს გაცხადებული.

კულუარებში კი რამდენიმე ვერსიაზეა საუბარი – ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ხელისუფლებამ ოპოზიციას დაუთმოს პრეზიდენტის ინსტიტუტი – ამ თემაზე საუბრები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთანაც მიდის. თუ დასავლეთი დაჟინებით მოითხოვს მმართველი გუნდისგან ამ კომპრომისზე წასვლას, არ არის გამორიცხული, ეს პოსტი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღოს. მეორე ვარიანტიც მზადდება და სალომე ზურაბიშვილი თავისი მოქალაქეობის საკითხს უკვე აგვარებს, თუმცა, როგორც თავად პარლამენტის თავმჯდომარეც აცხადებს, საბოლოო ვარიანტი ჯერ ცნობილი არ არის.

რაც შეეხება დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტებას, ეს შესაძლოა, სარისკო ნაბიჯი იყოს ხელისუფლებისათვის, რადგან მის რეიტინგს ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამის გარდა, არსებობს საფრთხე, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი თავისი ყოფილი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციას მოახდენს და 2020 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო „აირევა მონასტერი“. გასცემს თუ არა ბაქრაძე ასეთ გარანტიას, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მუდმივად პროვოკაციებს არ მოუწყობს მმართველ ძალას, ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც ამბობენ, თუ მმართველი გუნდი ამ რისკზე წავა, დასავლეთს უზომო კმაყოფილების გარდა სხვა კოზირიც უნდა ჰქონდეს ხელში, რომ „ევროპული საქართველო“ უმართავი პროცესების ორგანიზატორი არ გახდეს.

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით არ მიუღია, არის საუბრები ჭორის დონეზე, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მისაღებია, ამაზე გვჭირდება მსჯელობა, ეს მსჯელობა შედგება როგორც პოლიტსაბჭოს, ისე უმრავლესობის ფორმატში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ და არ ვამბობთ, ჩვენ ჯერ უნდა დავსხდეთ, მივიღოთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილების შინაარსზე“, – აცხადებს ირალი კობახიძე.

რაც შეეხება საზოგადოების და საექსპერტო წრეების მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ თემას, კენჭს იყრის თუ არა გიორგი მარგველაშვილი, მისი პოზიცია უკვე ცნობილია – პარტიულ ცხოვრებაზე უარს აცხადებს და „შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავითუსუფაშვილს, რომელიც ალიანსს სთავაზობდა მარგველაშვილს, უკვე მოუხდა საკუთარი კანდიდატურის პრეზიდენტობის პრეტენდენტად დასახელება.

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა-არ მონაწილეობა არსებითად არაფერს ცვლის.

„დარწმუნებული ვართ, რომ იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური, ჩვენი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკას კვლავ დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს და ცდილობს არ ჩამორჩეს მარგველაშვილს, რომელიც, როგორც მისი ბოლო განცხადებებიდან ირკვევა, ზედმიწევნით კარგად ჩაწვდა ქართული პოლიტიკის სიღრმეებს.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება მის გადაწყვეტილებაზე NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, არჩევნებში მისი შესაძლო მონაწილეობა სხვა კანდიდატების შანსებს ცვლის, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ ქართული პოლიტიკა პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგებია, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან, ერთმანეთს ემესიჯებიან.

„კვლევაზე დეტალურად ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი. როცა გამოდის მმართველი პარტია და ამბობს, მე კანდიდატი არ მეყოლება, მაგრამ მხარს ვუჭერ „იქს“ პიროვნებას, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, ამ მესიჯს არავინ დაიჯერებს არც ქვეყნის შიგნით, არც მის – გარეთ. მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ბანაკი ერთმანეთს ედავება, რომელია პირსისხლიანი და ვინ იყო დამნაშავე, ნეგატიური ფაქტორი მე კი არ ვარ, არამედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ვერ ჩამოაყალიბეს თავიანთი გზავნილი საზოგადოებისთვის. ისინი საუბრობენ პოლიტიკურ დაპირისპირებებზე და არა იმაზე, რომ მოქალაქეებს უჭირთ. ქართული პოლიტიკა არის პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგები, არ ელაპარაკებიან საზოგადოებას, ემესიჯებიან ერთმანეთს“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც ინტრიგას კვლავ ტოვებს საზოგადოებაში და არ ამხელს იყრის თუ არა, დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს.

წყარო

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *