კვირის შეჯამება: კრიმინალი, ოჯახური ძალადობა, საპატრიარქოს ამბები და სხვა

კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მოვლენა მოხდა, მაგრამ მე მინდა პატარა ბავშვის 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ამბით დავიწყო. ამ ისტორიამ სულით-ხორცამდე შემძრა. პატარა ანგელოზი, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია ადამიანების დაუდევრობის გამო წავიდა ამ ქვეყნიდან, თან ისე, რომ თავისი სიკვდილით დაგვიბარა, გაგვაფრთხილა არ შეიძლება მომავალ თაობებს ასე მოექცეთო.

საერთოდ გამაკვირვა დედის გულგრილობამ და მამინაცვალის კომენტარებმა. ბავშვი წინა საღამოს სიკვდილს ებრძოდა და მიზეზი რატომაც ყურადღება არ მიაქციეს იყო ის, რომ თურმე სხვა ბავშვების გაღვიძება არ სურდათ. თუმცა რა არის გასაკვირი ასეთი ადამინებისგან. 4 წლის ბავშვს, რომ აივანის მოაჯირზე მიაბავ მთლად ადამიანი არ უნდა იყო ან სულ მცირე ფსიქიკური პრობლემები მაინც უნდა გქონდეს. ცხოველი, რომ ცხოველია ისიც კი იცავს თავის პირმშოს და ჩვენ ადამიანებს რა გვემართება. ცალკე თემა სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილი დამოკიდებულება, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ევალებოდათ. ბავშვი დაუბრუნეს მოძალადე დედას და მამინაცვალს და 16 დღე არ მოუკითხვათ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც მოიკითხავდნენ კიდევ დიდი ხნით, სანამ ბავშვს რაიმე სერიოზული არ შეემთხვეოდა.

გაუჭირდება იმ სახელმწიფოს განვითარება, რომელიც თავის მომავალ თაობას არ უფრთხილდება. პატარა ნინო  და სხვა ბავშვები ჩვენი ოქროს ფონდია, რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ და თავს დავფოფინებდეთ. იაპონია განვითარებული ქვეყანაა, სადაც ბავშვის კულტი არსებობს. მაგალითად, საგზაო ინჟინერი (არ აქვს პროფესიას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა) ისე ასრულებს თავის მოვალეობას, რომ მას არც სჭირდება მუნიციპალიტეტის სამსახურების მხრიდან შემოწმება, რადგან თავის საქმეს სერიოზულად ეკიდება. მას გათვითცნობიერებული აქვს, რომ იმ გზაზე, რომელსაც იგი აშენებს მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა იარონ, ამიტომ მუშაობს ყაირათიანად და ნამუსიანად. ჩვენთან კიდევ სახელმწიფოს იმის თავიც კი არ აქვს, რომ ბავშვის სიცოცხლე შეინარჩუნოს.

ნინო ზალინაშვილის თემასთან დაკავშირებით შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ საქმე სისტემურ ხარვეზთან გვაქვს. „დიდი შეღავათია“ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ამის აღიარება. მთავარია ამის შემდეგ რას გააკეთებს სამინისტრო არსებული პრობლემის გამოსასწორებლად და არა ბოდიშები. სახელმწიფო ბიუჯეტი მარტო იმისთვის კი არ არსებობს, რომ ბიუროკრატიული აპარატის შენახვისთვის დიდი თანხები გაიღოს ქვეყანამ, არამედ იმისთვისაც, რომ ნინოსნაირ ბავშვებს, რომელთაც მშობლები არ უვარგათ დაეხმაროს და თავშესაფარი მისცეს.

გასული წლის განმავლობაში 1472 შეტყობინება არის ძალადობის ფაქტზე შესული შინაგან საქმეთა სამინისტროში და მხოლოდ 15 პირია პასუხისგებაში მიცემული. იმდენად დიდია ციფრებს შორის განსხვავება, რომ რაც არ უნდა გინდოდეს მაინც მიდიხარ ერთ დასკვნამდე – ჩვენი საზოგადოება ამ საკითხის სერიოზულობას მთელი სიმწვავით არ აღიქვამს. თუ პოლიციის მხრიდან არ ხდება ძალადობაზე სათანადო რეაგირება ეს პრობლემის ერთი ნაწილია. მაგრამ უბედურება მარტო არ მოდის. პრობლემის მეორე ნაწილის ის არის, რომ ხშირად დაზარალებულს თავად გამოაქვს უკან განცხადება. სამწუხაროდ ძალიან ბევრს ნორმად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ვიღაცამ მასზე იძალადა. რა მოხდა მერე ადამიანები ვართ, ემოციებს ავყევით, ვის არ მოსვლია. ეს ხომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამის კარგი მაგალითია რუსთავი 2-ში გადაცემა P.S-ში გასული სიუჟეტი. ზრდასრულმა ადამიანმა, მშობელმა პრობლემა ვერ დაინახა შვილისთვის მიყენებულ დაზიანებებში, რომელიც ოჯახის მეგობარმა ბავშვს „თამაშ-თამაშში მიაყენა. ზედმეტობაში არ ჩამითვალოთ, თუ ვიტყვი, რომ ქვეყნაში განათლების პრობლემა გვაქვს. შესაბამისად ჩვენ თვითონვე გაგებით  ვეკიდებით იმას, რაზეც ზარებს უნდა ვრეკდეთ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენს მომავალ თაობებს და მათ ფსიქიკას ეხებათ.

გასული კვირის მოვლენებიდან არ შეიძლება არ შევეხოთ ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებს და ახალქალაქში ბაგრამიანის ბატალიონის წევრისთვის საზეიმოდ ძეგლის გახსნას. ჭიდაობა ვაჟკაცური სპორტია და სპორტსმენებისგან მოითხოვს დიდ ფიზიკურ ძალისხმევასა და მოხერხებულობას. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ მრავალი სასახელო სპორტცმენი გამოზარდა ჩვენი ქვეყნის სასახელოდ. მაგრამ დამსახურებები და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომელებიც საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები არიან მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ ვიდრე რიგით მოქალაქეებს. ცნობადი პიროვნებები მაგალითი და სახეა ჩვენი საზოგადოების. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსაც იგივე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება თავის ქმედებებზე რაც მე და თქვენ. თუ გვინდა ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ თანამდებობა და პარტიული სიმპატიები არ უნდა იყოს ინდულგენცია დანაშაულზე ხელის დასაფარებლად. ცალკე თემაა შერჩევითი სამართალი, რომელიც ლამის ყოველდღიურ მოვლენად იქცა სასამართლოებში.

საქართველო დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. ახალქალაქში მიხეილ ავაკიმიანს, რომელიც ყარაბაღის ომის მონაწილეც იყო საზეიმოდ ძეგლი გაუხსნეს. ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი და სომხეთის ელჩი საქართველოში. აზერბაიჯანის მხარემ განმარტება მოსთხოვა საქართველოს მთავრობას. ამ გაუაზრებელ ნაბიჯს შეიძლება ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვეს სტრატეგიულ მეზობელთან, რომლისგანაც გაზს ვყიდულობთ. ჟურნალისტის კითხვაზე ესმის თუ არა რა შედეგები შეიძლება გამოიღოს მათმა ასეთმა ქმედებამ, ახალქალაქი ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ასეთი პასუხი გასცა, რომ ისინი არც კი დაფიქრებულან ამაზე და რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მომავალში არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან აზერბაიჯანისთვის საქართველოს ჯერ კიდევ არ გაუცია ოფიციალური პასუხი. მაგრამ ერთი უკვე ცნობილია დღესვე, აზერბაიჯანელებს მეტი ღირსება აღმოაჩნდა ვიდრე ჩვენ, მიხეილ ავაკიმიანს მარტო ყარაბაღის ომში არ მიუღია მონაწილეობა, იგი ბაგრამიანის ბატალიონში აფხაზეთშიც იბროძოდა და არა გამორიცხული, რომ ქართველების სისხლიც ჰქონდეს დაღვრილი.

საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები. მეუფე პეტრეს წინააღმდეგ, რომელიც ღიად საუბარს არ ერიდება ეკლესიაში დაგროვებულ პრობლემებზე, აგორდა ბრალდებების ახალი ტალღა. მეუფე პეტრე ამ ეტაპზე მასთან შედარებით დაბალი იერარქიის სასულიერო პირების კრიტიკის მიზეზი გახდა. როგორც თეოლოგები საუბრობენ მაღალი იერარქიის სამღვდელო პირების ნება და კურთხევა, რომ არა მეუფეს კრიტიკის უფლება მხოლოდ რანგით მასთან გათანაბრებულ პირებს აქვთ. საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიას საკმაოდ დიდი გავლენა და ავტორიტეტი გააჩნია მრევლზე. შესაბამისად შიდა დაპირისპირებებით სიტუაციის დაძაბვა ნეგატიურ მოქმედებს ქვეყანაში ეკლესიის ავტორიტეტზე. მიუხედავათ იმისა, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ეკლესია ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუციაა და მისი იმიჯის დაკნინება სახელმწიფოს ინტერესების საზიანოა.

სანამ პოლიტიკური ბატალიები გრძელდება და გავლენის სფეროების გადანაწილება მიდის, ხალხს ეკონომიკურად კიდევ და კიდევ უფრო უჭირს, ყველაფერი ძვირდება, მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს, კრიმინალი იზრდება

ალექსი ნონიაძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *