ბლოგერის აზრები – ორად გაყოფილი “ქართული ოცნება”

როგორც წესი, სახელმწიფოს მმართველები წარმოადგენენ მოქალაქეებს. „ქართული ოცნება“ აგერ უკვე მე-7 წელია რაც საქართველოს ნამდვილი სახეა, გნებავთ საწყენად მიიღეთ, გნებავთ გასახარად, ეს ცალკე გემოვნების საკითხია. თუმცა ფაქტები არის უტყუარი და თუ ამ ფაქტებს გადავხედავთ, ნამდვილად დავინახავთ ორად გახლეჩილ საზოგადოებას. ეს ჩვენივე თავის დამსახურებაა, ყველამ ერთად ვიმუშავეთ ამ საკითხზე.

რატომ ხდება ისე, რომ ქვეყნის მმართველობაში მოსული „ქართული ოცნება“ ერთი ხელით გვართმევს, მეორე ხელით კი გვაძლევს?

მოდი მივყვეთ, რა რეალობაში ვართ დღეს:

  1. ერთი ხელით ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ვუწვდით მეგობრობის ხელს, მაგრამ მეორე ხელით ვუღებთ პრორუსულ ძალებს კარს.
  2. ერთი ხელით, ქვეყანაში ბიზნესებს ვუხსნით გზას, წარმოებას ვაძლიერებთ, ვაფინანსებთ და მეორე ხელი? გაუქმებული ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენით მონოპოლიური მდგომარეობა ჩამოაყალიბა(ტყუილად არ გაჩნდა საზოგადოებაში, რომ კლანები მართავენ სახელმწიფოს).
  3. კლანებზე გასახსენებელი ამბავიც მაქვს მოსაყოლი – ერთი ხელით სასამართლო რეფორმებს ატარებს და მეორე ხელით ინიშნებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოებაში უნდობლობას უფრო იწვევენ, ვიდრე ნდობას.
  4. სასამართლოზე გამახსენდა, ერთი ხელით მამუკა ხაზარაძეს გზა გავუხსენით, წამოიწყოს მასშტაბური პროექტი „ანაკლიის პორტი“, მაგრამ მეორე ხელით? ძველი საქმეები გავუხსენეთ, თაროზე შემოდებული.
  5. თაროზე შემოდებაზე გამახსენდა, ერთი ხელით წინა ხელისუფლებას ვლანძღავთ ცუდი საქმეების გამო, მაგრამ მეორე ხელი? ვაპაუზებთ ქვეყანას.
  6. დაპაუზებაზე ხელების მოქმედებას უკვე აზრი აღარ აქვს ჩემო მეგობრებო.

მოკლედ, „ქართული ოცნება“ ნებსით თუ უნებლიედ, თქვენ განდობთ, ქართველ ხალხს მოძრაობისთვის ტრაექტორიის მიცემას. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა პრაქტიკულად დაკარგულია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მრავალპარტიულობის დამკვიდრებას პარლამენტში. ეს შანსია თქვენი ინტერესებისდა მიხედვით მოხდეს საპარლამენტო მანდატების განაწილება.

თქვენი იმედი აქვს საქართველოს.

ბლოგერი – ნიკა ჩაბაიძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *