კვირის შეჯამება: ივანიშვილის „კარის თამაშები“, თი-ბი-სი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები, გაუაზრებელი საპენსიო რეფორმა და სხვა

კვირა საღამო მშვიდობისა მეგობრებო. მიმდინარე კვირა როგორც პოლიტიკური ისე საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაზრისით საკმაოდ აქტიური და დატვირთული იყო. გასული კვირის მოვლენები თავის ასახვას აუცილებლად ჰპოვებს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ამიტომ ეს კვირა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის.

 

თი-ბი-სი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები

ბევრი თი-ბი-სის საქმეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განიხილავს და ამტკიცებს, რომ ბანკის მენეჯერებმა თუ სამართალდარღვევა ჩაიდინეს მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროკურატურისა და ეროვნული ქმედებებში პოლიტიკური დაინტერესება იკვეთება. 11 წლის წინანდელი საქმის წამოწევა, რომელიც რომელიღაც ერთ კონკრეტულ ტრანზაქციას ეხება საზოგადოების თვალში არარელევანტურია და კითხვის ნიშნებს აჩენს. პოლიტიკოსების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს მოგებიანი საბანკო სფეროს ხელში ჩაგდება სურს. ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არის ქართული ოცნების მხრიდან მკაცრი გაფრთხილება იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ხაზარაძე ოპოზიციურ ფლანგს დააფინანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. არის ასევე დიდი ეჭვი, რომ ხაზარაძის სახით თი-ბი-სი ბანკის გუნდის ანაკლიის პორტის მშენებლობისგან ჩამოშორება აქვთ გადაწყვეტილი, რაც თავისთავად ამ პროექტის შეჩერების ტოლფასი იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის გაღიზიანებას იწვევს, რადგან ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია ერთიორად გაიზრდება.

ხაზარაძემ მიიღო გადაწყვეტილება და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. რა პოლიტიკური სარჩულიც არ უნდა გააჩნდეს თი-ბი-სის საქმეს ყველა შემთხვევაში მიმდინარე პროცესები ანგრევს საქართველოს საფინანსო სისტემას, რაც მომავალში ქართულ ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე უარყოფითად აისახება.

ერთი კაცის ხელში განუზომლად დიდი პოლიტიკური და ფინანსური რესურსის თავმოყრა ქვეყანაში დემოკრატიისათვის სახიფათოა. როგორც მსოფლიო ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რაც არ უნდა დაბალანსებული და გაწონასწორებული იყოს პოლიტიკოსი, განუზომელი ძალაუფლება მისგან ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების რისკებს ერთიორად ზრდის, რაც დიქტატურის დამკვიდრების წინაპირობაა.

 

ივანიშვილის „კარის თამაშები“

ამ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ერთდროულად ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის არის ქალბატონი ეკა ბესელიაც. საპარლამენტო კულუარებში მუსირებს აზრი, რომ ბესელიას შესაძლოა უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც მიბაძონ (საუბარია დაახლოებით 17 ადამიანზე). საკონსტიტუციო უმრავლესობა მართველმა პარტიამ უკვე დაკარგა. ეს შესაძლოა ხელსაც აძლევდეს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. მაშინ, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა ამაწლის გაზაფხულისთვის დაანონსეს ხელმოწერების შეგროვება მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, მართველ პარტიას შანსი უჩნდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს ამ ცვლილებების ცხოვრებაში გატარებაზე, მათ ხომ აღარ ჰყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ადვილად „ჩავარდება“ ეს გადაწყვეტილება კენჭისყრაზე პარლამენტში.

თუ ბესელიას ფრთას სხვა დეპუტატებიც დაემატებიან საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი ავტომატურად ჩამოერთმევა ევროპულ საქართველოს და ბესელიას თანამოაზრეების ხელში გადავა. ამ შემთხვევაში შეიქმნება პრეცენდენტი, როცა საქართველოს პარლამენტში უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც მხოლოდ ერთი პარტია იქნება წარმოდგენილი. თუ მსგავს ნაბიჯს ქართული ოცნება გადადგავს, ამან შესაძლოა მისი იმიჯი დააზარალოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორების თვალში.

არის მოსაზრება, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ქართული ოცნება ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც ქვეყანაში უმოქმედობის გამო განაწყენებული მოსახლეობის დიდ ნაწილში მოიპოვებს ნდობას და მომავალ პარლამენტში მართველ პარტიას ბესელიასა და ინაშვილის „ოპოზიციური“ პარტიების (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ქართული ოცნების რეაქციული ფლანგების) ხარჯზე საპარლამენტო უმრავლესობას შეუკოწიწებს. ანუ შესაძლოა უახლოეს მომავალში ბესელიას ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის მომსწრენიც გავხდეთ. ბესელიას დღევანდელ განცხადებებს თუ დავუკვირდებით. ახალი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას კი არ დაუპირისპირდება, არამედ ოპოზიციის ოპოზიცია იქნება. რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკის ნოუჰაუ იქნება. დავაკვირდეთ, განვითარებული მოვლენები უფრო მეტი დასკვენების გაკეთების საშუალებას მოგვცემს.

 

გაუაზრებელი საპენსიო რეფორმა და საბანკო რეგულაციები

„გაუაზრებელი“ – ასეთ შეფასებას აძლევს სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებს საპენსიო რეფორმასა და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით. ახალმა რეფორმამ უკვე შეამცირა კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები, ხოლო ახლო მომავალში შესაძლებელია სამუშაო ადგილების შემცირებაც კი. და ეს იმ პირობებში, როცა დასაქმებულებისგან და დამსაქმებლებისგან ამოღებული ფული ბანკის დეპოზიტზე უფუნქციოდ დევს, რადგან სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი სად დააბანდებს მათ. ანუ გამოდის, რომ პარლამენტმა კი მიიღო ახალი საპენსიო კანონი და მაგრამ მთავრობას ჯერ არ აქვს სამოქმედო გეგმა შედგენილი.

საბანკო რეგულაციებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საოჯახო ტექნიკის მაღაზიებსა და სამშენებლო ბიზნესს. მნიშვნელოვნად შემცირდა მათი გაყიდვების რიცხვი. ხოლო ჭარბავალიანობის აღმოფხვრის მიზნით გატარებულმა პოლიტიკამ თავისი უკუჩვენება უკვე მოგვცა. კერძო სექტორი ცდილობს გამოსავალი მოძებნოს, მითუმეტეს, რომ შესაბამის სასაქონლო ბაზარზე მოთხოვნა არის და განვადებით ტექნიკის გაყიდვის ნაცვლად შესაძლებელია ნივთის ქირაობა, რომელიც განვადების პროცენტთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია. ხოლო ფულის სესხება შესაძლებელია კერძო მევახშეების საშუალებით და აქაც პროცენტი საკმაოდ მაღალია ვიდრე საბანკო იყო. ის რაც ადრე საბანკო პროდუქტს წარმოადგენდა, დღეს ჩრდილოვანი ეკონომიკის დაფინანსების ძირითად წყაროდ იქცა. მხარეებს შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ სასამართლოების ნაცვლად კრიმინალური ავტორიტეტები წარმართავენ მოლაპარაკების პროცესს სავარაუდოდ მაღალი იქნება. მით უმეტეს, რომ სასამართლოების მიმართ მოსახლეობის ნდობა სულ უფრო და უფრო დღითიდღე მცირდება.

 

ორი კანონპროექტი პარლამენტში და დეპუტატების ორი ალოგიკური გადაწყვეტილება

ბესელიას მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ დეპუტატებს შორის მხარდაჭერა არ მოჰყოლია. მეტიც პარლამენტის თავჯდომარე უმრავლესობის საერთო ჩატში პირადად აკონტოლებდა დეპუტატებს, რომ აღნიშნული კანონისთვის მხარი არ დაეჭირათ. ბესელიას ოპონენტებმა თავის ქმედებას ის გამართლება მისცეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ანტიკონსტიტუციური არის და ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხავს წყალს, ხოლო წარსულის დაბრუნება მათთვის ყოვლად მიუღებელია.

სამაგიეროდ პარლამენტის 45 დეპუტატმა 60 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პატრიოტების ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა უნდა გასამართლებულიყო. ცოტა გაუგებარია ეს კანონპროექტი რას ემსახურება. არსებობს ქვეყანაში სისხლის სამართლის კოდექსი, თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს პასუხიც მისი მიხედვით უნდა აგოს მიუხედავათ პოლიტიკური კუთვნილებისა, თუ მრწამსისა. ვფიქრობ კანონის ავტორებსაც არ ჰქონდათ მისი პარლამენტში დამტკიცების იმედი. ჩემი აზრით ეს უფრო შავი პიარი იყო ერთი ოპოზიციური პარტიისა მეორეს მიმართ.

კიდევ უფრო გაუგებარია იმ დეპუტატების გადაწყვეტილება, რომელთაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, ხოლო ინაშვილის იციატივას ხმას მისცეს. ალოგიკურია, თუ ნაციონალების გასამართლებას ემხრობი, იმავდროულად როგორ ხარ ძველი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მომხრე? გამოდის, რომ ეს ბატონები ქვეყანაში მანკიერ სასამართლო სისტემას კი არა ერთ პოლიტიკურ ძალას ებრძვიან და ხალხისთვის რამის შეცვლის სურვილი არ გააჩნიათ.

 

სასიამოვნო კვირის გატარებას გისურვებთ!
ალექსი ნონიაძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *