კვირის შეჯამება: ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენა, თამბაქოს გაძვირება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის „აღიარება“ და სხვა

ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში მრავალი ნეგატივის მიუხედავად მიმაჩნია, რომ პოზიტივის დანახვის უნარი მაინც არ უნდა დავკარგოთ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პარლამენტის როლი დღითიდღე იზრდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური მოვლენები წარმომადგენლობითი ორგანოს გარშემო სულ უფრო დინამიურად ვითარდება. თუ შემდგომშიც ასე გაგრძელდება და პარლამენტი ქართული პოლიტიკის ცენტრად იქცევა ამითი დემოკრატია ქვეყანაში უფრო მოიგებს ვიდრე წააგებს.

კვირა საღამო მშვიდობისა მეგობრებო. ეს კვირა საპარლამენტო ცხოვრებაში მეტად დაძაბული გამოდგა. სასიამოვნო ინფორმაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ პოლიტიკური ბატალიები, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ნამდვილად არ ცხრება ეს უტყუარია.

 

თი-ბი-სი ბანკის საქმის საკომიტეტო მოსმენა

თი-ბი-სი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები ჩვენი საზოგადოების თვალში მთელი პროცესის განმავლობაში  სამართლიანად არ ჰკარგავს თავის აქტუალურობას. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ მიმდინარე პროცესებს დრო და ყურადღება დავუთმოთ, რადგან დღესდღეობით იქმნება პრეცენდენტი, რომელიც მომავალში განმსაზღვრელი იქნება არამარტო სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეყანაში.

მიუხედავათ ქართული ოცნების წევრების მცდელობისა თი-ბი-სის საქმეს სამართლებრივი დევნის ჭრილი არ დაეტოვებინა და პოლიტიკურ დებატებში არ გადაზრდილიყო, თავისი შინაარსით პროცესმა უკვე დიდი ხანია პოლიტიკური ელფერი მიიღო. მეტიც საკითხის პოლიტიზირებას  უმრავლესობის დეპუტატები თავისი ქმედებებით უფრო ამწვავებენ. ვგულისხმობ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან საჯაროდ ჩაშლილ საკომიტეტო სხდომას, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა იგეგმობოდა და რომელზეც  თი-ბი-სი ბანკის აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ. წესით მმართველი პარტიის ინტერესებში უნდა შედიოდეს საზოგადოებისთვის ღიად, გამჭვირვალედ ამ საქმეზე ინფორმაციის მიწოდება და ყველა საჩოთირო კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს პოლიტიკური დევნის ნიშნებს. მოხდა პირიქით სხდომა გახსნის მომენტიდან მალევე, ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავათ, უმრავლესობის დეპუტაციისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოთხოვნით დაიხურა. მიზეზად ისევ თი-ბი-სი ბანკის ინტერესები დასახელდა. სოციალურ ქსელებში ამ ფაქტის მიმართ მომხმარებლების მხრიდან მომენტალური რეაქცია მოჰყვა. მათი აზრით კომიკური იყო სხდომის დახურვის მიზეზი იმ საბაბით, თითქოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა უფრო ძალიან სწუხს თი-ბი-სის იმიჯზე ვიდრე მისი დამფუძნებლები, რომლებმაც ბანკში 27 წელი გაატარეს. ეს მიზეზი ოპოზიციისათვისაც გაურკვეველია. მათი აზრით იმაზე მეტი ზიანი აღრ მიადგება ბანკის იმიჯს, რაც პროკურატურის განცხადებებით უკვე მიადგა.

ფაქტია, რომ თი-ბი-სის საქმის დაწყებიდან დღემდე უფრო მეტი კითხვები დაგროვდა ვიდრე მასზე პასუხები.

 

ქართულ ოცნებას დამფუძნებელი წევრები ტოვებენ

ამ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის რიგები კიდევ ერთმა ვეტერანმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა. ბატონმა ზვიადმა გადაცემა „პირველებში“ ვრცლად ისაუბრა პარტიიდან წასვლის მიზეზებზე. როგორც ჩანს მოსამართლეების თემა პარტიაში დაპირისპირების მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია. პრობლემების თავი და თავი უფრო ღრმად არის დაფარული. თუ ბატონი ზვიადის სიტყვებს დავეყრდნობით პარლამენტში გადაწყვეტილებები არა ფრაქციებში განხილვის, არამედ დახურულ ჩატში გავრცელებული დირექტივების საფუძველზე მიიღება. მისი თქმით უცნობია ამ დირექტივების ავტორი. ის, რომ უმრავლესობაში და შესაბამისად პარლამენტში გადაწყვეტილებებს ღებულობს ეგრეთწოდებული „კობახიძის ფრათა“ არ ახალია არც ჩვენი მკითხველისთვის და არც ფართო საზოგადოებისათვის. ჩემთვის პირადად შოკის მომგვრელი იყო დეპუტატის მხრიდან ღიად იმის აღიარება, რომ სახელმწიფოში ხალხის რჩეულებს არავინ არაფერს ეკითხება და მხოლოდ ხმის მისაცემად (ღილაკზე თითის დასაჭერად) იყენებენ. და ამაზე ასე თავისუფლად საუბრობს ადამიანი, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და რომლის მოვალეობა ჩვენი ინტერესების დაცვაა და არა ძლიერთა ამაქვეყნისათვის გუნდრუკის კმევაა.

ერთის მხრივ ბატონი ზვიადი მსმენელებს გვიმტკიცებდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიაში და ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მიიღება, ხოლო მეორეს მხრივ ყველა პრობლემის, რომელიც ასე ძლიერ აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს (უმუშევრობა, უპესპექტივობა, უფულობა, მართვადი სასამართლო და სხვა) მხოლოდ კობახიძის  ფრთის დამსახურებაა. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ზვიად კვაჭანტირაძე იმდენად ქვეყანაში უბრალო ხალხის პრობლემების მოუგვარებლობას კი არ განიცდის, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქართული ოცნების ძველი გვარდიის ჩამოშორებას განიცდის.

 

თამბაქოზე ფასები იზრდება

ხელისუფლება, რომ ხალხზე ფიქრობს ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე ფასები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება. ბაზრის კანონია – საქონელზე, რომელზეც ფასები იზრდება მოთხოვნა მცირდება. ეტყობა ეს მოცემულობა დევს დღევანდელი სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკაში გრძელვადიან პერსპექტივაში.

ალბათ ხშირად გაგვიგონია მწეველებისგან ასეთი ფრაზა – თუ სიგარეტი ძალიან გაძვირდება უკიდურეს შემთხვევაში თავს დავანებებ! სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ნიკოტინზე დამოკიდებულია და მისთვის თამბაქოს ნაწარმის მოხმარებიდან ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ ეკონომიკური ტერმინოლოგიით თუ ვისაუბრებთ მწეველთა დიდი ნაწილის მოთხოვნა სიგარეტზე არაელასტიკური ფასის მიმართ. რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მოთხოვნის უმნიშვნელო კლებას იწვევს. მწეველთა დიდი ნაწილი უკვე გადავიდა დაუფასოებელ თუთუნზე, რომელიც ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე დაფასოებული. ფაქტია მსგავსმა მიდგომამ თამბაქოს მოხმარება უმნიშვნელოდ შეამცირა, ხოლო მოხმარებული პროდუქციის ხარისხი მკვეთრად გააუარესა. მომავალში აუცილებლად შემცირდება თამბაქოს წარმოებიდან ბიუჯეტში შემოსავლების ოდენობა, ხოლო თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან კონტრაბანდის შემოტანის რისკი გაიზრდება, რაც კორუფციისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ იგეგმება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც დაუფასოებელი თუთუნიც დაიბეგრება. ამიტომ უახლოეს მომავალში თამბაქოს ნაწარმზე  ფასების ზრდას უნდა ველოდოთ. ფასების მატება იოლია. ძნელია უბრალოდ ამ ზრდით გამოწვეული პროცესების კონტროლირება.

 

მეუფე იაკობის ვიზიტი ვაშინგტონში

მეუფე იაკობი მორიგი ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე მოხდა თუ არა მეუფესა და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ურთიერთობის დარეგულირება. მეუფეს პასუხი ორაზროვანი იყო. რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ინფორმაციით გახარიამ თანამშრომლებს ეკლესიის მაღალი სასულიერო პირებზე კომპრომატების მოგროვება დაავალა. გაგვიჭირდება იმის თქმა ინფორმაციის რამდენად სარწმუნო წყარო ჰყავს რუსთავი 2-ს. მაგრამ კარგად გვახსოვს მეუფეს განხადებები, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა ყველაზე გავლენიან მინისტრს, რომელსაც რუსეთის ემისარადაც მოიხსენიებდა. ალბათ შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მეუფეს ვიზიტის დროს ვაშინგტონში აქტუალური ხდება ამ ორი ადამიანის ურთიერთობის თემის წამოწევა, ისევე როგორც თვითონ მეუფეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სამართალმა პური ჭამა? – მოგებული სასამართლო და უარი სამსახურში დაბრუნებაზე

თამაზ ახობაძემ, რომელიც უკანონოდ იქნა განთავისუფლებული 2014 წელს იუსტიციის სამინისტროდან მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა თამაზმა დამსაქმებელს სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო პროცესი, წულუკიანის უწყებამ უარი განუცხადა მას სამსახურში აღდგენაზე. პროტესტმა შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე ბატონმა თამაზმა შეწყვიტა დროებით შიმშილობა და დაელოდება იუსტიციის სამინისტროს ბრძანებას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ იმ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მარტო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი. გამოდის, რომ თუ ქუჩაში კარავით არ გამოხვედი და ხმამაღლა საზოგადოებას არ ამცნე საკუთარი გასაჭირი მანამდე სახელმწიფოში შენი პატრონი არ გამოჩნდება. მემგონი ისე მიდის პროცესები, რომ ყველას თითო კარავის შეძენა მალე დაგვჭირდება.

სასიამოვნო კვირის გატარებას გისურვებთ!

ალექსი ნონიაძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *