ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, ამის შესახებ მან კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, მიზეზი არ დაუსახელებია. არადა, ორი დღით ადრე მან მთავრობის მუშაობის 3-წლიანი ანგარიში დიდი ზარზეიმით წარადგინა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო როგორც საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვისაც.
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ჩემი აზრით, არჩევნების წინ “ქართული ოცნების” რეიტინგი მაინცდამაინც მაღალი არ არის. რა თქმა უნდა, პრემიერის გადადგომაში ივანიშვილი არის ჩართული და ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ივანიშვილი არის კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი. მე ვფიქრობ, ქართული ოცნება 2016 წლის არჩევნებშიც გაიმარჯვებს და ის იქნება ხელისუფლებაში 2020 წლამდე. მისი იდეოლოგია და მისწრაფებები აუცილებლად იქნება გაგრძელებული და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ პროცესში ჩართული. ღარიბაშვილმა ამ ეტაპზე ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მას მეტის გაკეთება აღარ შეეძლო, ახლა მთავარია, ვის წარადგენს მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): რა გითხრათ, ძალიან ბევრი მიზეზი არის, მაგრამ მთავარი ალბათ ისაა, რომ ახალი გუნდი არის საჭირო, რათა არჩევნებამდე მოხდეს ცვლილებები და ხალხს იმედი გაუჩნდეს, რაც მგონია, რომ არ უნდა იყოს მხოლოდ იმედი და რეალურად უკეთესობისკენ შეიცვლება რაღაცები.
“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა, ამ გუნდში განხეთქილება ყოფილიყო და ასეც მოხდა. პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ვერ შედგა ურთიერთობა, ალასანიას გუნდთანაც დაიძაბა ურთიერთობა, რამაც ძალიან დააკლო რეიტინგი “ქართულ ოცნებას”.

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): არ ვიცი, რა შეიძლება ყოფილიყო პრემიერის გადადგომის მიზეზი. მე მოვუსმინე მის ანგარიშს და არ მგონია, რომ მას საქმე გადადგომამდე ჰქონოდა, არ ვიცი, რა პრობლემა გამოუჩნდა, შეიძლება ეს იყოს რაიმე პირადი პრობლემა. არავინ არ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი საქციელი. კონკრეტულად მიზეზზე ვერაფერს გეტყვით.

გივი სიხარულიძე (მსახიობი): ღარიბაშვილის გადადგომის ერთადერთი მიზეზი ბიძინა ივანიშვილია. ეს იყო სწორედ მისი გადაწყვეტილება, მან მოისურვა ასე და ამიტომ გადადგა ღარიბაშვილი, სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here