“მცოცავი ოკუპაცია: ფაქტების შეფასებისას ხელისუფლება ბრმაა, საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში – ყრუ, რუსეთის წინაშე კი – მუნჯი” – ედნარ მგელაძე
მცოცავი ოკუპაციის დაუსრულებელ პროცესსა და ოკუპანტის მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებას ეხმიანება “ახალი საქართველოს” ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი. ედნარ მგელაძის აზრით მოქმედმა ხელისუფლებამ, ამ 7 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, ხოლო შერჩეულმა დეკლარირებულმა “არაკონფრონტაციულმა” პოლიტიკამ უფრო და უფრო წაახალისა და გაათავხედა ოკუპანტი, თავის ქმედებებში:
“საზოგადოებისა და განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, ატოცში ბორდერიზაციის პროცესი განახლდა, რაც ცალსახად მიუთითებს “ბოროტების იმპერიის” მემკვიდრის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის ღია დემონსტრირებას, მით უფრო იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი პირდაპირ მუქარაზე გადადის და საქართველოს ფაქტიურად აფრთხილებს, რომ იგი ყველანაირად შეეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში შესვლის სწრაფვას. ამასთან, ერთგვარ მინიშნებას იძლევა, რომ რუსეთი დიდი და ბირთვული სახელმწიფოა და მათთვის მიუღებელია მათ საზღვრებთან NATO-ს ბაზების განთავსება.
საზოგადოების პროტესტს და კატეგორიულ მოთხოვნას ხელისუფლებისადმი, რომ სათანადო რეაგირება მოხდეს ოკუპანტების აღვირახსნილ ქმედებებზე, დროულად და უმაღლეს დონეზე წამოწიონ საკითხი ატოცში მიმდინარე მავთულხლართების გავლების პროცესთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ზოგადი სახის განცხადება/შეფასებები მოჰყვა, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საერთოდაც არავინ გამოხმაურებია მმართველი პარტიიდან. ასეთივე “მდუმარე” დამოკიდებულება იყო, ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან, გაეროში თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტების შეფასებისას ბრმაა, საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში – ყრუ, რუსეთის წინაშე კი – მუნჯი“, – აღნიშნავს ედნარ მგელაძე.
წყარო: სააგენტო “პარალელი”
19.10.2019 წელი