პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ჩავარდნის გამო შექმნილ პრობლემებს ეხმიანება “შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და გამოსავალს „გერმანულ საარჩევნო სისტემაში“ ხედავს:

შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალია „გერმანული საარჩევნო სისტემა“, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული. ამ სისტემის მიხედვით:

1. საკმარისია 76 ხმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და არ არის აუცილებელი 113 ხმის მოგროვება კონსტიტუციის შესაცვლელად;

2. პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის;

3. არჩევნები ტარდება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა;

4. საარჩევნო ბლოკები დაშვებულია და საარჩევნო ბარიერი 3%-ია.

ამ სისტემის პირობებში, თუ პარტიამ ჯამურად მიიღო ხმების 10% და 150 მანდატიდან პროპორციულად ერგება 15 მანდატი, ამ მანდატების მფლობელები ხდებიან, ვთქვათ, 6 გამარჯვებული მაჟორიტარი და პარტიული სიის კიდევ 9 კანდიდატი. ანუ, გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად. თუ პარტიამ ვერ გადალახა 3%-იანი ბარიერი, მაგრამ მისმა კანდიდატმა მოიგო მჟორიტარული ოლქი, პარტიას ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში.

ამრიგად, ერთდროულად კმაყოფილდება პროპორციულობის მოთხოვნაც და მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების მოთხოვნაც. თანაც ამ ყველაფერს სჭირდება არა 113, არამედ 76 ხმა. და კიდევ, სახელმწიფოებრივი კეთილგონიერება…” – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “პარალელი”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here